ნათია თურნავა - „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე რამდენიმე კვლევას არ გადავამოწმებთ
„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ არ დაიწყებენ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას, ვიდრე რამდენიმე ძირითად კვლევას ხელახლა არ გადავამოწმებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.
როგორც თურნავამ განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე და ლევან დავითაშვილი ჩართულები ვართ ინტენსიურ კომუნიკაციასა და დიალოგში. დიალოგს ყოველთვის მოაქვს თავისი შედეგი. ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაჩინოთ მეტი ნდობა პროექტის მიმართ და უფრო მეტი გახსნილობა. პარალელურად, ჩვენ, როდესაც ვისმენდით ძირითადად მოსახლეობისა და ექსპერტების წუხილს, საპროტესტო აქციების მონაწილეების შეკითხვებსა და წუხილს, ვაწარმოეთ მოლაპარაკება კომპანიასთან, ინვესტორთან, რომელიც აშენებს „ნამახვანჰესს“.
მინდა, მოგახსენოთ რამდენიმე შეთანხმება, რომელიც შედგა მათთან და ვფიქრობ, ეს ასევე იქნება საინტერესო საწყისი ჩვენ შორის შემდგომი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანის“ პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული, უამრავი კვლევა ჩატარდა და განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენმა უწყებებმა ბევრი კვლევა ჩაატარეს დამატებით, რათა ყველა საჭოჭმანო საკითხი საბოლოოდ მოიხსნას. რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას, კვლევების თვალსაზრისით საიმედოობას, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას, ვიდრე არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული, ძირითადი კვლევის ხელახალ გადამოწმებას, ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო თავად და არა საპროექტო კომპანია, დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის – თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს, ქართულ ინსტიტუტებს. დარწმუნებული ვართ, ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა პროექტის შესწავლა. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, იგივე გზის სამუშაოებს, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს და სხვა კომპონენტებს, არა ისეთს, რომელიც შეეხება კაშხალს და წყალსაცავს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. მთავარი, რაც იწვევს კითხვებს – კაშხალი და წყალსაცავი, არ დაიწყება, ვიდრე ამ კვლევების ხელახალ, საჯარო, ღია გადამოწმებას არ გავაკეთებთ თქვენი ჩართულობით“, – განაცხადა თურნავამ.