ნათია თურნავა - „ნამახვანჰესი“ აუცილებელია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი
„ნამახვანჰესი“ არის აუცილებელი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის. პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, კომპანიაც არის ძალიან სოლიდური, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.
მინისტრმა რამდენიმე ინიციატივის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან ინტენსიურად დავდივართ, ვხვდებით მოსახლეობას, ექსპერტებს. პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება, კომპანიაც არის ძალიან სოლიდური და „ნამახვანჰესი“ არის აუცილებელი ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, მაგრამ რადგან არის გარკვეული უნდობლობა, გარკვეული კითხვები და დიდი პროექტია, ეს კითხვები ლეგიტიმურია, შევთანხმდით კომპანიასთან და მოვთხოვეთ კომპანიას რამდენიმე რამ“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება კონკრეტულად ინიციატივებს, თურნავას თქმით, ჰესის მშენებლობა გრძელდება, თუმცა შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია.
„პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით გვაქვს შეთანხმება, რომ კომპანია გააგრძელებს ჰესის მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას და არ დაიწყებს კაშხალისა და წყალსაცავის მშენებლობას, რაც ყველაზე მეტად აჟოოტაჟის საგანი იყო და ამასობაში სახელმწიფო მოიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. ამ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვინც სხედან, იქედან უმეტესობა ჩაერთვება ამაში და მოხდება რამდენიმე კვლევის გადამოწმება, ე.წ. ვალიდაცია. ამის შემდეგ კომპანია იმსჯელებს, არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტივა შესატანი.მანამდე, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება. მანამდე, კომპანია გააგრძელებს მაგალითად, გზის მშენებლობას, რომელიც უფასოდ გადაეცემა მოსახლეობას“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდი.
„ასევე, მნიშვნელოვანია, რა სიკეთე მოაქვს ამ პროექტს საქართველოსა და ხეობისთვის. შევთანხმდით კომპანიასთან, რომ შეიქმნება ხუთმილიონიანი ფონდი – რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც დააფინანსებს ყველა აქტუალურ პრიორიტეტს და პროგრამას, რასაც თვითონ მოსახლეობა შემოგვთავაზებს და ეს შეეხება არა მარტო სამ სოფელს, რომელიც მოყოლილია პროექტის არეალში, არამედ ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში შემავალი იმ სოფლებს, რომლებიც განლაგებულია რიონის ხეობაში. თვითონ ამ სოფლების სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან ამ თანხების განკარგვაში, პრიორიტეტების დადგენაში, პროგრამების შემუშავებაში. ასეთი მოდელი არსებობს, ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობის დროს მუშაობდა ასეთი მოდელი და გვინდა, ასეთი პრაქტიკა გავიმეოროთ და ამ ფონდში კონტრიბუციას გააკეთებს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო“, – განაცხადა თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, შედგა შეთანხმება, რომ „ნამახვანჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს.
„შევთანხმდით, რომ კომპანია მოიწვევს ქართველ დირექტორს. ეს უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცდილი ენერგეტიკოსი ან მშენებელი, ისეთი, რომელიც ნდობას იწვევს საზოგადოებაში, ვინც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას და კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ასევე, მიადევნებს თვალყურს, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები იყოს უმაღლეს დონეზე დაცული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ნამახვანჰესის“ ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.
„პროექტის ზედამხედველობა ყოველთვის იწვევდა კითხვებს. იმისთვის, რომ არ მოხდეს აქ რაიმე კითხვების დასმა, იყოს მაქსიმალური ჩართულობა და კომპეტენცია, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელშიც შევლენ ჩვენი საუკეთესო ძალების საინჟინრო პოტენციალის დამოუკიდებელი ექსპერტები. ისინი ჩაერთვებიან მშენებლობის ზედამხედველობაში, რომ გამოირიცხოს რაიმე შეცდომა“, – განაცხადა თურნავამ.