ნათია თურნავა - „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეგულიანებულ დავით ჭიჭინაძეს არაფერი გამოუვა, ეს სასაცილოა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას რამდენიმე ასეულ მილიონად შეფასებული ქონების 7 მილიონ დოლარად გასხვისებასა და „თბილსრესის“ გაკოტრებასთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.
„ჭიჭინაძე ჯერ თბილისის აეროპორტის პრივატიზებას მაბრალებდა, როცა მე საერთოდ არ ვმუშაობდი სამინისტროში. მერე გადამდგარად გამომაცხადა ისე, რომ არც მთავრობას ჰკითხა, არც პრემიერ-მინისტრს, როგორც ჩანს, ამ ფოკუსს აგრძელებს, – განაცხადა თურნავამ ჭიჭინაძესთან დაკავშირებით.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მისი, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მიმართ ე.წ. შავი პიარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხორციელდება.
„გვებრძვის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა”. ამას ახორციელებს შავი პიარკამპანიის სახით, რომელიც ჩემთან მიმართებაში და სხვა ჩემს კოლეგასთან მიმართებაში მიმდინარეობს. ასევე ამისთვის იყენებს სხვადასხვა მედიაპლატფორმას, სხვადასხვა დროებით მოკავშირე რუპორს და საკმაოდ ოდიოზურ პირს, როგორც ამ შემთხვევაში, რათა შექმნას განცდა და აჟიოტაჟი, თითქოს რაღაც ხდება მთავრობაში და ხელი შეგვეშალოს, რაც არ გამოუვა“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, თურნავა განმარტავს, რომ საკითხი შეეხება 10 წლის წინ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ მისი მუშაობის პერიოდს და „ინდუსტრიულმა ჯგუფის“ მიერ აუქციონის გზით შეძენილ „თბილსრესს“. „თბილსრესი“ იყო გაკოტრებული და სავალალო მდგომარეობაში. ჩვენი ამოცანა იყო, აგვემოქმედებინა და ფეხზე დაგვეყენებინა ეს ობიექტი. დღეს ის არის ჩვენი ელექტროენერგიის ერთ-ერთი გარანტირებული წყარო. მიხარია, რომ ჩემი წვლილიც არის ამაში“, – აცხადებს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, პროკურატურას გაუჩნდა გარკვეული კითხვები, რამდენად ადეკვატურ ფასად იყო გასხვისებული ეს ობიექტი აუქციონზე.
„პროცესში, გამოკითხვაში ჩაერთო უმარავი ადამიანი, მათ შორის, მეც. ყოველთვის მომხრე ვარ, დავეხმაროთ გამოძიებას, თუ კითხვებია. ჩემს წინაშე ერთადერთი კითხვა დაისვა – ხომ არ ვიცოდი რამე შესაძლო გარიგების შესახებ „ინდუსტრიული ჯგუფის“ მეპატრონესა და იმდროინდელ ხელისუფლებას შორის. ჩემი პასუხი იყო უარყოფითი, რადგან როგორც მენეჯერს, არ შეიძლება, მქონოდა ეს ინფორმაცია. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და ამის შემდეგ ჩემს მიმართ ყველა კითხვა ამოიწურა. ეს არის მთელი ისტორია, რომლის გაცოცხლებას „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეგულიანებული ჭიჭინაძე ცდილობს, მაგრამ ეს არის სასაცილო, არაფერი გამოუვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ გუშინ განაცხადა, რომ არსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის ჩვენება დღევანდელ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავაზე, სადაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონების 7 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარებში გასხვისებაზე.