ნათია თურნავა - მზად ვართ, პარლამენტში ძალიან დეტალურად გავცეთ პასუხი ყველა კითხვას
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტურად ვართმევთ თავს ამ გამოწვევას და გვინდა, კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ეს ცოდნა მოსახლეობას და დეპუტატებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთელი მთავრობის შემადგენლობა მზადყოფნას გამოხატავს, მივიდეს პარლამენტში და გასცეს დეპუტატების კითხვებს პასუხი.
„უპირველესად, მოსახლეობისთვის ალბათ საინტერესოა, კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად შეიტყოს, რა ნაბიჯები იყო გადადგმული ეპიდემიასთან ბრძოლაში. რამდენად ეფექტურად ვიმოქმედეთ, ერთი – არ დაგვეშვა ეპიდემიის კატასტროფული გავრცელება, გვემართა ეს კრიზისი, და მეორე – რა ნაბიჯებს ვდგამთ და მომავალში გადავდგამთ ეკონომიკური კრიზისისა და ეკონომიკური დარტყმის შერბილების მიმართულებით. ჩვენ აქამდეც საკმაოდ გამჭვირვალედ ვახორციელებდით და ვდგამდით თითოეულ ნაბიჯს. ყოველთვის ფართო კომუნიკაცია გვაქვს და მოსახლეობას ვაგებინებთ ყველა დაგეგმილ ნაბიჯს, მაგრამ პარლამენტი მართლაც არის ის ინსტიტუცია, სადაც კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით, ძალიან დეტალურად მზად ვართ, ყველა არსებულ კითხვას გავცეთ პასუხი და ჩვენგანაც გავაკეთოთ მოხსენება. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა და ხდება საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოში. ეს არის დიდი გამოწვევა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტურად ვართმევთ თავს ამ გამოწვევას. გვინდა, კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ეს ცოდნა მოსახლეობას და დეპუტატებს“, – განაცხადა თურნავამ.