პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნის პარალელურად, სარესტორნე ბიზნესს მოეხსნება ღამის საათების შეზღუდვა, რაც არის აბსოლუტურად დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეეხება ტურისტულ ინდუსტრიას, კერძოდ სარესტორნე ინდუსტრიას.
„ეს ახალი რეგულაცია არის დაკავშირებული პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ სავალდებულო მოთხოვნის შემოღებასთან. პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნის პარალელურად, სარესტორნე ბიზნესს მოეხსნება ღამის საათების შეზღუდვა, რაც არის აბსოლუტურად დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ორი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული, ერთი, ეს არის უს უპირატესობა, რაც უნდა გააჩნდეს დღეს მწვანე სტატუსის მატარებელ ადამიანს. მწვანე სტატუსი, ეს არ არის მხოლოდ ვაქცინა, მაგრამ ეს არის ვაქცინირებული, ან კოვიდგადატანილი პირი, ან ტესტჩატარებული პირი, რომელიც იმ მომენტში არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს გარშემომყოფთათვის. რასაკვირველია, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდება ასეთი ადამიანების ზოგადად სოციუმში აქტივობასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰქონდეთ უპირატესობა არამწვანე სტატუსის მატარებელ ადამიანებთან შედარებით და რასაკვირველია მათ შორის ერთ-ერთი არის, რომ თავისუფლად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საათზე შევიდნენ რესტორანში, კაფეებში და ეს იქნება მეტი უპირატესობა და მეტი მოტივაცია სხვებისთვის, რომ ასევე აიცრან და შეიძინონ მწვანე სტატუსი.
მეორე სიკეთე, რაც მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას, ეს არის რა თქმა უნდა ტურისტული და კერძოდ, სარესტორნე ინდუსტრიის მდგრადობასთან და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ადამიანია დღეს დასაქმებული ამ სექტორში, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული მათ შორის სარესტორნე ინდუსტრიაში. რასაკვირველია, როდესაც შემოდის რეგულაცია, რომ მარტო მწვანე სტატუსის მატარებელი ადამიანი უნდა შევიდეს, ეს გარკვეულწილად ზღუდავს იმ წრეს, ვინც შეიძლება იყოს ზოგადად მომხმარებელი ვინც შევა აწი რესტორანში მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მატარებელი ადამიანი უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს სრულად კომპენსირდება იმ შესაძლებლობით, რომ უფრო დიდხანს იმუშაოს ამა თუ იმ რესტორანმა და არ შეზღუდოს საათებში თავისი მომხმარებელი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან კარგად იმუშავებს ერთი მხრივ, რომ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ ადამიანებს, უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეთ გადაადგილებაში რესტორნებში და სხვა ობიექტებზეც შესვლის, სადაც არის მწვანე სტატუსი დაწესებული და პლიუს, სარეტორნე ინდუსტრიას არ შეექმნება სერიოზული პრობლემები, მათ შორის იქ დასაქმებულ ადამიანებს, ვის შემოსავლებზეც ჩვენ რა თქმა უნდა ვზრუნავთ“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მწვანე სტატუსის გადამოწმება მარტივად მოხდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით გვქონდა მთელი რიგი შეხვედრები სარესტორნე ინდუსტრიასთან, სასტუმროებთან და არა მარტო ჩვენ, არამედ ჯანდაცვის სამინისტროსაც. ძალიან ბევრი ტექნიკური ნიუანსია, რაზეც ვმუშაობთ მათ შორის ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია. ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტად მარტივი იყოს გადამოწმება. ხდება ეს ჩვეულებრივად სმარტფონებით ან იგივე კომპიუტერის მეშვეობით. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ ახლა რესტორნებთან, რომ უფრო მეტად ტექნიკურად გამართული იყოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც კი ამოქმედდება ეს სისტემა, გარკვეული ხარვეზები სუფთა საოპერაციო დონეზე გამოვლინდეს, მაგრამ ამიტომაც გვექნება ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია, ჩვენც და ჯანდაცვის სამინისტროს, ვინც ამ აპლიკაციაზე მუშაობდა იმ ჯგუფს, რომ გავამარტივოთ და აღმოვფხვრათ სხვადახვა სირთულეები, თუ გაჩნდა. იმიტომ რომ მოხმარებაში საკმაოდ მარტივია სისტემა. რაც შეეხება სანქციებს, დამატებითი სანქციები ამაზე არ წესდება, მაგრამ იმოქმედებს ის, რაც ზოგადად არის ქვეყანაში დაწესებული კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის როგორც იურიდიულ პირებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე“, – განაცხადა თურნავამ.
ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, ჯერ კვლავ რჩება შეზღუდვა კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსებასთან დაკავშრებით.
„რესტორნებთან შეხვედრის დროს ასევე დაისვა არა მარტო ის საკითხი, რომ მოვხსნათ საათობრივი შეზღუდვები, არამედ მოვხსნათ სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად ერთ მაგიდასთან ექვსი ადამიანის ერთდროულად განთავსების თაობაზე. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს ნაწილი დავტოვეთ უცვლელად. შევხედოთ ყველამ ერთად, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ეს მწვანე პასპორტის რეგულაცია, ხომ არ იქნება მასშტაბური დარღვევები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან გაგებით მოეკიდება ამას სარესტორნე ინდუსტრია, გახდება ჩვენი მოკავშირე ამ ახალი რეფორმის დანერგვის და შესრულების პროცესში. რადგან ეს არის, როგორც მთლიანად საზოგადოების ინტერესში, ასევე ამ ინდუსტრიის ინტერესშიც, რომ უფრო მეტად მწვანე და უსაფრთხო იყოს. ამის შემდეგ შეიძლება უკვე სხვა შეზღუდვების მოხსნაზეც ვიფიქროთ. ვიცით, რომ ახალი წელი მოდის, რა თქმა უნდა ბევრი რამ იქნება გასათვალისწინებელი, მაგრამ მანამდე მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საკმარისია ის ლიბერალიზაცია, რაც ჩვენ გვინდა რომ პირველი დეკემბრიდან დავუშვათ, ანუ საათებთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, როგორ შესრულდება თვითონ მწვანე პასპორტთან დაკავშირებული რეგულაციები“, – განაცხადა თურნავამ.