ნათია თურნავა - მთლიანობაში 50-ზე მეტი ქვეყნისთვის არის საზღვარი გახსნილი, საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ლარის კურსის სტაბილურობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა ფრთხილად, რეგულაციების დაცვით მოხდება.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება ალბათ ძალიან ბევრი საქართველოში, ტურისტული სექტორი და არა მარტო, მოსახლეობაც, ეს არის სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომლის შესახებაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებიც გაიხსნება საქართველოს სტუმრებისთვის, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად, კონკრეტული რეგულაციების შესრულებით, საზღვარზე ნეგატიური „პისიარ“ ტესტის წარმოდგენით, მაგრამ ეს არის კიდევ უფრო ძლიერი მესიჯი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, სადაც ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვაქცინირდება სხვა პრიორიტეტულ ჯგუფთან ერთად, ელის ტურისტებს, რომლებიც შემოვლენ სხვადასხვა გზით. არა მარტო საჰაერო, არამედ სახმელეთო გზითაც. მოგეხსენებათ, ეს იქნება ძალიან დადებითი მუხტი, რომელიც გამოიხატება როგორც ტურისტების გაზრდილ რაოდენობაში, ასევე გაზრდილ შემოსავლებში“, – აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, საზღვრების გახსნა მყისიერად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა ეპიდვითარების კონტროლით ვხსნით ჩვენს საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის, ჯერ საჰაერო და ახლა უკვე სახმელეთო საზღვრებს, მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუნდაც ლარის კურსის სტაბილურობაში, რასაც ჩვენ ახლა ყველანი ვხედავთ, რაზეც ზემოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი და პირველ რიგში ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები. ასევე, დადებითი მოლოდინები, რომელსაც ეს ფაქტი ქმნის. სახმელეთო საზღვრების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
გარდა ამისა, თურნავას თქმით, სწრაფად იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ზრდის ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან ავიაბაზარზე შემოდის ახალი ავიაკომპანიები.
„ეს ეხება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს და ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს. დღეის მონაცემებით, მაგალითად, ზაფხულის პერიოდისთვის ჩვენ 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს, რაც არის დადასტურებული სხვადასვა ავიაკომპანიიდან.
2019 წელს, იმ წელს, როდესაც ზაფხულის პიკის სეზონზე იყო ტურისტების რეკორდული რაოდენობა, დაახლოებით 800 ფრენა იყო კვირაში. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ფრენები, რომელიც ემსახურება როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ტურისტების ჩამოყვანას, დაახლოებით უკვე ნახევარი, 50 პროცენტი აღდგება. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით სწრაფად, ვიდრე წლის დასაწყისში იყო კონსერვატიული მოლოდინები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აისახება ეკონომიკაზე, რადგან ტურიზმი, ეს არის თავისთავად დიდი დარგი, 8 პროცენტი ჩვენი მშპ-ის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას ინფორმაციით, მთლიანობაში უკვე 50-ზე მეტი ქვეყნისთვის არის საზღვარი გახსნილი.
„აქამდე იყო 47 და ახლა ემატება კონკრეტული ჩამონათვალი და იქნება უკვე 55 ქვეყნამდე, საიდანაც ჩვენ უარყოფითი „პისიარ“ ტესტით ვუშვებთ ვიზიტორებს როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვრებზე. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნიდან სრული ვაქცინაციის კურსგატარებულ ვიზიტორებს ვუშვებთ. თქვენ უკვე ხედავთ, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ პირველი ტურისტული ჯგუფები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.