ნათია თურნავა - მთავარი, რაც ლარს უნდა ამყარებდეს, არის ეკონომიკური განვითარება და არა ინტერვენციები
ლარის კურსი მყარდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პროგნოზს და ბიზნესის პროგნოზსაც, ბიზნესმაც გააკეთა შეფასება, რომ ლარის კურსი იყო ზედმეტად გაუფასურებული , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იძლევა პროგნოზის საშუალებას, რომ ლარი უფრო გამყარდება.
„ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება. ეს ერთ-ერთი წყაროა ლარის გამყარების და ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. რა საკვირველია, ნეგატიურმა მოლოდინებმა თავისი დაღი დაასვა ლარის კურსს, ეს პირდაპირ უნდა ითქვას, მათ შორის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც. ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, ჩვენ ეკონომიკური რეფორმებით ვამყარებთ ეკონომიკურ განვითარებას, ამ თვალსაზრისით, დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
კითხვაზე, კიდევ უნდა ჩაერიოს თუ არა კურსთან დაკავშირებულ პროცესში ეროვნული ბანკი, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის.
„ამ ეტაპზე, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა, გააკეთა განცხადება, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც დაინახავენ განსაკუთრებული ზომებისა და ინტერვენციის აუცილებლობას, მზად არიან ამისთვის. ეს დადასტურდა ამ დღეებშიც, მაგრამ მთავარი, რაც ლარს უნდა ამყარებდეს, ეს არის ეკონომიკური განვითარება და არა ინტერვენციები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.