ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაც ადასტურებს, რომ საქართველოში გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემოა
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემო. ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუძლია, ყოველგვარი მოსყიდვის, წნეხის და შიშის გარეშე ისარგებლოს ყველა სერვისით, რასაც მას ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები სთავაზობენ, – ამის შესახებ საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული საწარმოთა კვლევის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
„ საქართველოში რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე, კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემოა, ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაც, რომლის თანახმადაც, საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს შორის, ყველა პარამეტრის მიხედვით ტოპ-ათეულშია“, – აღნიშნა თურნავამ.
საწარმოთა კვლევას მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID) ატარებს. კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას.
სამინისტროს ინფორმაციით, კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, უწყების ცნობით, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორს დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან(სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.
საწარმოთა კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მისი მიზანია ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.