ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები, ძირითადად ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პრიორიტეტულ პროექტებს ეხებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამშრომლობა, გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო ბანკის როლის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა 62 მლნ ევროს ოდენობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განხორციელებას. პროექტი ემსახურება ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფასა და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვებაში.