ნათია თურნავა - მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, წინასწარი შედეგებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა, რაც მაღალი მაჩვენებელია.
„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე წინასწარი პროგნოზები. გახსოვთ, რომ 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი იყო მხოლოდ 4.5 პროცენტი, რადგან რეგიონში ბევრი გამოწვევაა. გლობალური ეკონომიკა უფრო ნელა ვითარდება და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროგნოზი არ გამართლდა და ზრდა გაცილებით დიდია. მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის მიმართული ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა 2019 წელს ექსპორტი იყო.
„2019 წელს ჩვენი ექსპორტი აჭარბებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს – 3 მილიარდ 770 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი ქართული წარმოება ხდება უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და გაცილებით ძლიერად იკიდებს ფეხს, უპირველესად – ევროპულ ბაზრებზე. ჩვენ სხვადასხვა პროგრამის („აწარმოე საქართველოში“, ასევე, აგრარული სექტორის მხარდამჭერი პროგრამების, გააქტიურებული პრივატიზების, წიაღისეულის ლიცენზიების გაცემის გააქტიურებული პოლიტიკის) მეშვეობით, ვეხმარებით ქართულ ბიზნესს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, დარგობრივი სტრუქტურის თვალსაზრისით, მრეწველობის, ასევე დამამუშავებელი სექტორები ლიდერობს. გარდა ამისა, მაღალი მაჩვენებლებია ტურიზმის ინდუსტრიაში, კერძოდ – რესტორნებსა და სასტუმროებში.
„ეს იმის ფონზე, რაც შეგვხვდა გასულ წელს, 20-21 ივნისის შედეგებს ვგულისხმობ, მაგრამ მაშინაც საქართველოს მთავრობამ ძალიან სწრაფად შეიმუშავა კრიზისული გეგმა და გვერდით დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას. მნიშვნელოვანი ფაქტორია მზარდი ნდობა ჩვენი ქართული ბიზნესის მხრიდან და ზოგადად, ქართველი საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი შეფასებით, სწორედ ეს ნდობა უდევს საფუძვლად გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას.
„მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ძალას შეიძლება სურდეს თავისი დესტრუქციული დღის წესრიგი მოახვიოს ქართულ ბიზნესს, ნდობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ უფრო ძლიერია. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, 2020 წელი იქნება ასევე დადებითი და იმედი გვაქვს, მოლოდინს გადავაჭარბებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა (2018 წლის დეკემბრის ზრდა 5.6 პროცენტით განისაზღვრა). 2019 წლის საშუალო ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 5.2 პროცენტს გაუტოლდა.
ამასთან, 2019 წლის დეკემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4015 ერთეულს გაუტოლდა, რაც წინა წლის დეკემბრის მაჩვენებელს 16.1 პროცენტით აღემატება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება; ვაჭრობა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (სასტუმროები და რესტორნები); ინფორმაცია და კომუნიკაცია (კავშირგაბმულობა).
„დეკემბერში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. დეკემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 12.8 პროცენტით გაიზარდა და 927.0 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, დეკემბერში, ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი, 5.4-პროცენტიანი (11.1 მლნ. აშშ. დოლარით) ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც: დეკემბერში 13.6 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 146.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, მისი მატება დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
ამასთან, უწყება აცხადებს, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ეფექტიანი რეფორმები და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში.