ნათია თურნავა - მომდევნო ათ დღეში ტურისტული ინდუსტრია თითქმის მთლიანად გაიხსნება, დარწმუნებული ვარ, ამას მალე მოჰყვება ღამის კლუბების გახსნა
მომდევნო ათ დღეში თითქმის 99% ტურისტული ინდუსტრია გაიხსნება, დარწმუნებული ვარ, ამას სულ მალე მოჰყვება ღამის კლუბების გახსნა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„აბსოლუტურად მესმის თითოეული ბიზნესის, ბიზნესსქეტორის სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას. აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით მოთხოვნას, რაც მოდის, მათ შორის ღამის კლუბებისგან, რადგან ღამის კლუბები, ღამის ეკონომიკა, გართობის ინდუსტრია, არის ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ნაწილი. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ შევძელით და ეპიდემიის ეფექტური მართვის შედეგად, მოვახერხეთ და უფრო სწრაფ ვხსნით ეკონომიკას. ფაქტობრივად, მომდევნო ათ დღეში მთლიანად, თითქმის 99% ტურისტული ინდუსტრია გაიხსნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამას სულ მალე მოჰყვება ღამის კლუბების გახსნა“,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თურნავას თქმით, ღამის კლუბებისთვის ამ ეტაპზე სექტორული შეღავათი არ განიხილება.
„რაც შეეხება შეღავათებს. სექტორული შეღავათები ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე არის გათვალისწინებული ყველაზე მეტად დაზარებული ინდუსტრიებისთვის, რომლებსაც დრო დასჭირდება რომ ამოიქოქონ. ეს არის ტურიზმი, რადგან არ არის საკმარისი, ტურიზმი მარტო გავხსნათ. საჭიროა, დრო გავიდეს, რომ ისევ იმ დონეზე ავიდნენ, რა დონეზეც იყვნენ. ეს არის სოფლის მეურნეობა, რომელიც ასევე დაზარალდა, რადგან მოთხოვნა ძალიან შემცირდა რეალურად, ექსპორტული მოთხოვნაც შემცირდა და შიგნით. ეს არის ბინათმშენებლობა. რაც შეეხება ღამის კლუბებს, ამ ეტაპზე სექტორული შეღავათი არ განიხილება. ჩვენ მოვისმენთ თითოეული დარგის არგუმენტებს და შემდგომ ვამუშავებთ პოსტკრიზისულ გეგმას და ვნახოთ, როგორი იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება“,- განაცხადა თურნავამ.