ნათია თურნავა - მომავალში უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველს, სადაც მათი ქვეყნიდან ტურისტები ჩამოვლენ
სულ უფრო მეტი ქვეყანა მომავალში დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნიდან ტურისტები ჩამოვლენ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათი თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც თურნავა აცხადებს, სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების შესახებ თარიღები დასახელდება.
„სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, სადაც ვარაუდოებენ, რომ შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და იმ ეფექტური ზომებიდან გამომდინარე, როგორც ჩვენმა მთავრობამ მართა ეპიდემია, ვარაუდობენ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ.
მე არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მათ შორის ეს არის ევროპის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთთან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას და ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები და რეგიონის ქვეყნები. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება არა მარტო დასტური კომპანიებიდან, არამედ კონკრეტული თარიღები დასახელებული“,- აცხადებს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს რეგულარული ფრენები.
„მათ შორის არიან „ვიზეარი“, „რაინეარი“, „ისრაელის ავიახაზები“, „თურქეთის ავიახაზები“, „ყატარის ავიახაზები“ და არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა – ერთი, ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან, ყველა უსაფრთხო წესების დაცვით ფრენების დაწყებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმება. აქაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს ეს უსაფრთხო ტურიზმი და უსაფრთხო დერეფნები“,- განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია, ნამდვილად იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც ყველა ამ უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება.
„ჩვენ დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვით ისე, რომ ეპიდემიოლოგური სიტუაცია სანიმუშოდ ვმართეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი, ანუ იგივე ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებთ ჩამოვა უცხოელი ტურისტი და აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას“,- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.