ნათია თურნავა - მოლოდინის მიუხედავად, სერიოზულმა დარღვევებმა თუ იჩინა თავი, მერწმუნეთ, ძალიან მკაცრ ზომებს გავატარებთ
პროცესები თუ ისე არ წარიმართა და მოლოდინის მიუხედავად, სერიოზულმა დარღვევებმა იჩინა თავი, მერწმუნეთ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს გავატარებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„აქამდე შეიძლება, რაღაც მიმართულებებით ლიბერალობას ვიჩენდით, მაგრამ ახლა არ არის ის მომენტი, როდესაც ამ დარღვევების მიმართ სახელმწიფო ლიბერალური იქნება, რადგან ეს ახალი წელი დიდი გამოწვევაა და ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა თურნავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, იანვრის მეორე ნახევრიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც გადაიხედოს და ახალ თარიღად მაგალითად, ვაქცინაციის დაწყება დასახელდეს, თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური ფაქტორები თანაბარწილად მნიშვნელოვანია და ამიტომ, შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობამ, ევროპის ქვეყნების მსგავსად, რადიკალურ ზომებს ახლაც არ მიმართა და ოქროს შუალედი იპოვა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ სხვა აქტორების თვითშეგნებაზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უკვე ნატვირთი გვაქვს იმით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ქვეყანა ასე, ამ ოქროს შუალედით ვატაროთ, ეს კრიზისი ერთად დავძლიოთ და შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა დავიწყოთ, მაგრამ შემდგომ განვითარებაზე ასეთივე პასუხისმგებლობა ეკისრებათ სხვა აქტორებსაც, მოსახლეობასაც, ბიზნესსაც, სავაჭრო ობიექტებსაც. ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ხელთ არის ამ ვითარებიდან უფრო მალე გამოსვლა და თებერვლიდან დაგეგმილი გახსნა. ამ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად მიღწევადია. იმის მიუხედავად, რომ ახალი წელია, ყველამ უნდა დავიცვათ მოთხოვნები, რომელიც რაციონალურად არის დადგენილი“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ხელისუფლება შეგუებულია იმას, რომ გარკვეული პერიოდი მოგვიწევს პანდემიის პირობებში ცხოვრება და ქვეყანამ ვაქცინაციამდე ადაპტაციის გზით უნდა იაროს.
„დანამდვილებით ვიცით, რომ მომავალ წელს მოხდება ვაქცინაცია და პანდემიას საბოლოოდ დავძლევთ, კაცობრიობა და რა თქმა უნდა, ჩვენც, მაგრამ მანამდე ე.წ. ადაპტაციის გზით უნდა ვიაროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, უპირატესი პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მაგრამ ამავდროულად, ფონს უნდა გავიდეთ ეკონომიკისთვის დაბალი ზარალით; ანუ, დაბალანსებული გადაწყვეტილებებით, ეკონომიკურ ამოცანებსა და ჯანდაცვის ამოცანებს შორის“, – განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე განაცხადა, რომ რეგულაციები, რომლებიც სავაჭრო ობიექტებმა უნდა შეასრულონ, მათთან ერთად არის შემუშავებული.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა კომუნიკაცია იმ სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც არ იხსნება, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობას მუდმივი კომუნიკაცია აქვს მაგალითად, რესტორნებთან, რომლებიც ასევე არ იხსნება, ხოლო ბაზრობებს რაც შეეხება, აქ მთავარი ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები იყო.
„სხვათა შორის, ზოგადად, ძალიან მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ პრინციპში, არაფერი არ გახსნილიყო და ჩვენ აქედან ის მიმართულებები შევარჩიეთ, რომლებიც მეტნაკლებად, ნაკლები რისკების მატარებელია. თუმცა, გარკვეული რისკები აქაც რჩება. მიუხედავად იმისა, ბაზრობები და იქ დასაქმებული ადამიანები სოციალურად წონადია, ინფიცირების რისკი იქ გაცილებით მაღალია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მათი გახსნის გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. სწორედ ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომ არც მხოლოდ სოციალური მიდგომა პრევალირებს, არც მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციები და რაღაც ოქროს შუალედი მოინახა“, – განაცხადა თურნავამ.