ნათია თურნავა - მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრაზე დავინახეთ, რომ პროტესტი გულწრფელია, ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი
დავინახეთ, რომ პროტესტი გულწრფელია. ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სოფელ ნამახვანში მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლება მზად არის, მოსახლეობასთან ერთად იპოვოს გზა, რომელიც მათთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც სასიკეთო იქნება.
„შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრა შედგება მომიტინგეებისთვის მისაღებ ადგილას და დროს. დიდი ალბათობით, ეს არ გასცდება შემდეგ კვირას, უფრო პარასკევზე გვაქვს საუბარი. ყველა ტელევიზიის და დაინტერესებული პირის მონაწილეობით, საჯაროდ შედგება დიალოგი ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც მათ ადარდებთ. შევეცდებით, ჩვენი არგუმენტები იმდაგვარად წარმოვადგინოთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ასევე, თუ დავინახეთ, რომ შეიძლება, ამ პროექტის მსვლელობისას გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები, რომელთა უკეთესად გადაწყვეტა შესაძლებელია, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. რაც მთავარია, დავინახეთ, რომ პროტესტი გულწრფელია. აქ ჩვენ არ დაგხვდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უფრო მოწადინებული არიან, რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი. მზად ვართ, ერთად მოვნახოთ გზა, რომელიც წაადგება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს.
ჩვენ დაველაპარაკებით კომპანიას პროტესტის მონაწილეების მოთხოვნის შესახებ, რომ შეწყვიტოს მუშაობა და გავაგებინებთ მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებს“, – განაცხადა თურნავამ.