ნათია თურნავა - მივესალმებით „იუესეიდის“ დაფინანსებით დაწყებულ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თავიანთი კარიერა სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტს დაუკავშირონ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ ქვეყნის გახსნისას ტურიზმისთვის საზოგადოების ყველა ნაწილმა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა შეძლოს.
კერძოდ, საუბარია USAID/Georgia-ს დაფინანსებით დაწყებულ ახალ ინიციატივაზე – „საკადრო რესურსების გაძლიერება აჭარის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორისთვის”.
ნათია თურნავას განცხადებით, ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებს თავიანთი კარიერა სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტს დაუკავშირონ.
„ჩვენ ტრადიციულად მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან. კერძოდ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, და მივესალმებით იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც სააგენტო ახორციელებს. კერძოდ, ამ პროგრამით სააგენტო ხელს უწყობს დასაქმებას ტურისტულ ინდუსტრიაში. პროგრამის ფარგლებში, მათ მოახდინეს 430-მდე ადამიანის მომზადება-გადამზადება სტუმარ-მასპინძლობის სფეროს მენეჯმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების შენარჩუნებას. USAID-ის ზემოხსენებული პროგრამა კი სწორედ იმის წინაპირობაა, რომ ამაღლდეს ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა კვალიფიკაცია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბათუმში დაწყებული ინიციატივა, რომელსაც USAID/Georgia აფინანსებს, უკვე დაეხმარა 150 ადამიანს მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სრულგანაკვეთიანი სამსახურის პოვნაში. ასევე, 50 პროფესიონალს მიეცა დაპირება პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დასაქმებაზე.
ჯამში, საკადრო რესურსების განვითარების ინიციატივით, რომელიც კერძო სექტორის პარტნიორმა Key Management Solutions-მა შეიმუშავა, მასპინძლობის მენეჯმენტში მომზადდა 430-ზე მეტი ადამიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.