ნათია თურნავა - მიუხედავად დესტაბილიზაციის მცდელობებისა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობისთვის მეტ კეთილდღეობას მივაღწიოთ
მიუხედავად ქვეყნის არევის მცდელობებისა, მთავრობა, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ განვითარდეს ეკონომიკა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრმა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები შეაფასა, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
„გამოქვეყნდა მთლიანი შიდა პროდუქტის, ეკონომიკური ზრდის მესამე კვარტლის დაზუსტებული სტატისტიკა. ძალიან პოზიტიური შედეგები გვაქვს. ზრდა მესამე კვარტალში 5.8 პროცენტს შეადგენს. ეს იმაზე მაღალია, ვიდრე ველოდით. ასევე, ნოემბერში ექსპორტი გაიზარდა 25 პროცენტით და კვლავაც ექსპორტი რჩება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ყველაზე ძლიერ გამწევ ძალად“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, არსებობს შიდა გამოწვევები, არის დესტაბილიზაციის მცდელობები, თუმცა მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ამან მოქალაქეების ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა არ იქონიოს.
„მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გარკვეული გამოწვევები ქვეყნის შიგნით, ქვეყნის არევის, დესტაბილიზაციის მცდელობა, ჩვენი მთავრობა, ეკონომიკურ გუნდი, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არევისა და დესტაბილიზაციის მცდელობები არ განხორციელდეს და არანაირი ზემოქმედება არ იქონიოს დესტრუქციულმა დღის წესრიგმა ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებაზე, განვითარდეს ეკონომიკა, განვითარდეს ბიზნესი, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენი გეგმების მიხედვით მივაღწიოთ უფრო მეტ კეთილდღეობას მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
სტატისტიკის ეროვნული სმასახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 13 446.5 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.8 პროცენტით განისაზღვრა.