ნათია თურნავა - მიუღებელია ულტიმატუმებით საუბარი, მოწოდება, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ
ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია ხელისუფლების, საზოგადოების მიმართ. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, საჭიროა საუბარი და არა ულტიმატუმები.
„მინდა უბრალოდ, ზოგადად, შეგახსენოთ, რომ პროექტი არის ძალიან მსხვილი, მნიშვნელოვანი, სტრატეგიული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე. თუმცა, ზოგადად, როდესაც საუბარი არის ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე როგორც წესი, გარკვეული განმარტებების რეჟიმში. სხვა ქვეყებშიც გამოუწვევია პროტესტები მსხვილ ჰიდროსადგურებს, გამომდინარე აქედან, ეს რაღაც განსაკუთრებული პროცესი არ არის, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ვალდებულები ვართ, ასეთ დროს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თუმცა, როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, პასუხები უნდა გაეცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, ექსპერტების ჩართულობით, რა თქმა უნდა, არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით. ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს პროექტის შესახებ სიმართლე, რადგან ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებდა, ძალიან ბევრი მითი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავად კომპანიაც, ეს მითები გააქარწყლოს, სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ, პირველ რიგში მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან.
„სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე, სწორედ კაშხალია ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა ვრცელდებოდა და ამიტომ 12-თვიანი მორატორიუმი არის ამ ნაწილში მიღწეული, კომპანიამ წინასწარი სამუშაოების ფარგლებში არის შემოფარგლული. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით რამდენიმე ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ მოხდეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთი, ეს არის ჩვენი და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ინიციატივა ექსპერტთა საბჭოს ფარგლებში, როდესაც გაიხსნა ყველა კვლევა და ჩვენ დღესაც ჩართულები ვართ, ველოდებით ნებისმიერი ექსპერტისგან დასაბუთებულ წინადადებას, შენიშვნას, კრიტიკას, რეკომენდაციას, რისი გათვალისწინებაც სავალდებულო იქნება კომპანიისთვის. მეორე, ასევე ძალიან კარგი ფორმატია მათთვისაც, ვისაც მართლა უნდა მოხდეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და პროექტის სრულყოფა, ეს არის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს ხელმძღვანელობის ჩართულობა, რომელმაც უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და ესეც არაჩვეულებრივი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა, ვინც ყველაზე აქტიურად აპროტესტებს ნამახვანის მშენებლობას, გამოიყენონ ეს ფორმატი. მოვუწოდებთ მათ, ჩაერთონ კონსტრუქციულ რეჟიმში, კონსტრუქციულ დიალოგში, ეს არის ყველაზე სწორი საკითხის გადაწყვეტა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ულტიმატუმები და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა.
„ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია ხელისუფლების, საზოგადოების მიმართ. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ, რადგან ჩვენ „კოვიდმა“ ისედაც წელიწად-ნახევარი თითქმის პარალიზება გამოიწვია. ჩვენ ახლა, ყველანი ერთად, ქვეყანა ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავხსნათ, ავამოქმედოთ, გამოვაცოცხლოთ ტურიზმი, ჩამოვიდნენ ტურისტები და დავახვედროთ უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო, რომ ამუშავდეს ტრანსპორტი, ბიზნესი, მაღაზიები. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა ვისწრაფოდეთ, ამ მიმართულებით ვიაროთ. მე დარწმუნებული ვარ, ყველა იმ პლატფორმის ფარგლებში, რაზეც არის საუბარი ამ მორატორიუმის პირობებში, „ნამახვანი“ გახდება გაცილებით უფრო სრულყოფილი პროექტი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა თურნავამ.