ნათია თურნავა - მეტი ნდობისთვის ჩვენც მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ გეოლოგს, სეისმოლოგს და ეკოლოგს, „ნამახვანჰესი“ აშენდება ისე, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, ითვალისწინებენ უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულ წუხილს.
მინისტრის განმარტებით, ამიტომ „ნამახვანჰესის“ პროექტი გრძელდება, თუმცა კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება კვლევები.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გუშინ გვქონდა საუბარი და პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს არის ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და სიძლიერის ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალოსწინებთ რაციონალურ და ლეგიტიმურ წუხილს, რაც იყო მოსახლეობაში უსაფრთხოებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ამიტომ „ნამახვანჰესის“ პროექტი გრძელდება, მაგრამ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება კვლევები. სწორედ ამ პროცესშია ჩართული კომპანია, ასევე ჩვენც.
ჩვენც მოვიწვევთ ჩვენი მხრიდან ყველა დაინტერესებულ გეოლოგს, სეისმოლოგს და ეკოლოგს, რომ გადამოწმდეს ყველა კვლევა და იყოს მეტი ნდობა. რაც შეეხება იმას, რომ აქტივისტები ითხოვდნენ მთავრობის წევრების, ჩემს გადაგომას, მინდა, გითხრათ, რომ ყველა თანამდებობა წარმავალია, მარადიულია მარტო ეროვნული ინტერესები. თანამდებობა არ არის პრობლება, ჩვენს ეროვნულ ინტერესში არის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ეკონომიკური, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი. ამიტომ „ნამახვანი“ აშენდება იმდაგვარად, რომ ყველა წუხილს გაეცემა პასუხი და ყველა პრობლემა იქნება გადაწყვეტილი “, – განაცხადა ნათია თურნავამ.