ნათია თურნავა - მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული თვალსაზრისით, მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ე.წ. მაინინგი იწვევს ელექტროენერგიის ზედმეტ მოხმარებას და აზიანებს ხაზებს. მისი თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც გადაწყდება.
„ზოგადად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება დროულად ხორციელდებოდეს 24 საათის განმავლობაში. გარკვეულ გამოწვევებს აწყდება მესტიის მუნიციპალიტეტში „ენერგო პრო“ – კომპანია, რომელიც ახდენს ელექტროენერგიის დისტრიბუციას და ფლობს იქ ხაზებს. ხშირია მაღალი მოთხოვნა-მოხმარება და ხაზების გადატვირთვა. ამის გამო, მომატებულია ავარიების რისკი. ნუ დაგვავიწყდება, რომ მესტია ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ზამთრის კურორტია. განსაკუთრებით დღეს, როდესაც განახლებული, სრულიად ახალი საბაგიროები ავამოქმედეთ.
აქედან გამომდინარე იყო სწორედ ეს გაფრთხილება მოსახლეობის მიმართ, რადგან არის პრობლემა – როგორიც არის არალეგალური მაინინგი, რითიც უშუალოდ მოსახლეობა, არა ყველა, მაგრამ ზოგიერთი ალბათ დაკავებულია. ეს განაპირობებს ელექტროენერგიის ზედმეტ მოხმარებას და ზედმეტ დაწოლას ხაზებზე.
მინდა ვთქვა, რომ მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არ არის საჭირო მსგავსი საქმიანობა, რომელიც პრაქტიკულად არალეგალურიც არის და აზიანებს ხაზებს, იყოს იქ განვითარებული და ამიტომ ვუერთდები მესტიის მუნიციპალიტეტის პათოსს. ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.