ნათია თურნავა - მენაშენეებს ექნებათ გარანტია, რომ სურვილის შემთხვევაში, ფართის 30 პროცენტს სახელმწიფო შეიძენს, ეს ნიშნავს, რომ მათი და მოსახლეობის რისკები იქნება მინიმალური
ნათია თურნავა - მენაშენეებს ექნებათ გარანტია, რომ სურვილის შემთხვევაში, ფართის 30 პროცენტს სახელმწიფო შეიძენს, ეს ნიშნავს, რომ მათი და მოსახლეობის რისკები იქნება მინიმალური

მენაშენეებს ექნებათ გარანტია, რომ სურვილის შემთხვევაში, ფართის 30 პროცენტს სახელმწიფო შეიძენს, ეს ნიშნავს, რომ მათი და მოსახლეობის რისკები იქნება მინიმალური, –  ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, სამშენებლო კომპანიების დახმარება კრიზისულ პერიოდში, უმნიშვნელოვანესია.

„გრძელდება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სამშენებლო სექტორისა და ბინათმშენებლობის ხელშეწყობის კომპონენტი. დღეს დაიწყება კონკურსი, რომელიც შეეხება სამშენებლო ფართების გაყიდვის ოფციას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკეთებს დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის წარმოქმნის პრევენციას. იცით, რომ ზოგადად, ისტორიულადაც ეკონომიკურ კრიზისებს და უახლოეს წარსულში საქართველოში ეს გვახსოვს, თან ახლდა პრობლემები სამშენებლო სექტორში და გროვდებოდა დაუსრულებელი სამშენებლო ფართები, რაც იყო ძალიან დიდი პრობლემის საწინდარი და ძალიან ბევრმა ოჯახმა ამით იზარალა. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ამის პრევენცია და როგორც ეს ადრე იყო გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დღეს ეს კონკურსი იწყება, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მენაშენეს, ვისაც საცხოვრებელი ფართების მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული აქვს სამშენებლო ნებართვა. მათ ექნებათ გარანტია, რომ სურვილის შემთხვევაში, ფართის 30 პროცენტი იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ. ეს ნიშნავს, რომ მათი რისკები იქნება მინიმალური და რაც მთავარია, მინიმალური იქნება რისკები იმ მოსახლეობის, ვინც ელოდება ამ ბინების აშენებას და ვინც ამაზე ფინანსურ დანახარჯს აკეთებს“, – განაცხადა თურნავამ.