ნათია თურნავა მცირე მეწარმეებს წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 50-მდე მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს. აღნიშნულ მეწარმეებს წყლით სარგებლობა გამარტივებული წესით შეეძლებათ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცენზიის გაცემის წესების გამარტივება შესაძლებელი გახდა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რამაც გაამარტივა სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა.
გამარტივებული წესებით ლიცენზიების გადაცემის ღონისძიება დღეს, 14:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, კომპანია „აქუა ჯორჯიას“ ეზოში გაიმართება.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა პასუხისმგებელი პირები, ბიზნესის წარმომადგენლები.
მინისტრი ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს კომპანია „აქუა ჯორჯიას“ საწარმოს და საწარმოო პროცესს გაეცნობა.