ნათია თურნავა - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესისა და დასაქმების ზრდა თითოეული ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი – ფინანსებზე წვდომიდან ინკლუზიურ ზრდამდე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.
როგორც თურნავა აღნიშნავს, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის ზრდაში. სწრაფად იზრდება მათი კონკურენტუნარიანობაც – 2014-2018 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება 13,5 პროცენტით გაიზარდა. დღეის მდგომარეობით (2019 წლის III კვარტალი) ამ სექტორში დასაქმებულია 443 400-ზე მეტი ადამიანი.
„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რადგან ჩვენ ველით, რომ ეს იქნება კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, ინოვაციების, ექსპორტის წახალისებისა და თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნის საწინდარი, რაც ამავე დროს, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მიმდინარე წლის 10 თვის ეკონომიკური საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური ეკონომიკური შენელებისა და გარე შოკებისა, საქართველომ მოახერხა შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შეენარჩუნებინა და 2019 წლის 10 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 5,1 პროცენტი შეადგინა.
„ეკონომიკური ზრდა ძირითადად კერძო სექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული და პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გადამწყვეტი ასპექტია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს შეფასებას OECD-ის ჩატარებული კვლევის „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში 2019“ შედეგებს. აღნიშნული შეფასების თანახმად, საქართველომ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე რეფორმატორმა ქვეყანამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინსტიტუციონალური ჩარჩოები.
„სხვადასხვა არხით, ფინანსური ან არაფინანსური ინსტრუმენტებით, ვცდილობთ, გავზარდოთ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, დავეხმაროთ მათ ბიზნესუნარების განვითარებაში და ხელი შევუწყოთ მათი ბიზნესის ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.