ნათია თურნავა - მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება მიმართულია, რომ მათ შეინარჩუნონ დასაქმებულები და უფრო მეტი საბრუნავი საშუალება გაუჩნდეთ
ნათია თურნავა - მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება მიმართულია, რომ მათ შეინარჩუნონ დასაქმებულები და უფრო მეტი საბრუნავი საშუალება გაუჩნდეთ

მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის ექვსი თვით ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება მოვახდინეთ, ეს სეგმენტი მხარდაჭერას საჭიროებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობამ შესაბამისი პროგრამა უკვე დაამტკიცა.

„დღეს მთავრობის სხდომამ განაიხილა და დაამტკიცა მცირე და საშუალო სასტუმროების მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება. მოგეხსენებათ, რომ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს, ტურიზმის ინდუსტრიას, კერძოდ, მცირე და საოჯახო სასტუმროებს და მოვახდინეთ ექვსი თვით ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, ეს პროგრამა გაგრძელდება და უკვე 12 თვით ბანკის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. ეს გაკეთდება საკმაოდ კომფორტულად სასტუმროებისთვის, ვინც უკვე მოგვმართა, მათ დამატებითი აპლიკაციის წარმოდგენა არ დასჭირდებათ და ჩვენ უკვე ბანკებთან ვიმუშავებთ. ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს მომართული, კიდევ ერთი თვე, 10 ოქტომბრამდე მიეცემათ ვადა, რომ მიმართონ თავის დამფინანსებელ ბანკებს და „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს, რათა 12 თვის ბანკის სესხის პროცენტი დავუფინანსოთ. ეს, პირველ რიგში, მიმართულია,  რომ მათ შეინარჩუნონ დასაქმება, შეინარჩუნონ ის პერსონალი, რომელიც ჰყავთ და უფრო მეტი საბრუნავი საშუალება გაუჩნდეთ. ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, რადგან ჯერჯერობით ვხედავთ, რომ პანდემია პოზიციებს არ თმობს. ჩვენ მართალია, ვმართავთ ამ რისკს, მაგრამ ტურიზმი, მათ შორის შიდა ტურიზმი, დიდად არის დამოუკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამიტომ შემდგომ მხარდაჭერას საჭიროებს, განსაკუთრებით ეს სეგმენტი, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროები“, – განაცხადა თურნავამ.