ნათია თურნავა - მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და სასიხარულოა, რომ ამის აღიარება საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ მოხდა
მცირე ბიზნესის მხარდაჭერა არის ჩვენი პრიორიტეტი და ძალიან სასიხარულოა, რომ ამის აღიარება კიდევ ერთხელ მოხდა საერთაშორისო დონეზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა.
„OECD-მ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არის ლიდერი მცირე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით. ასევე მსურს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რადგან მათ შორის, მათი პროგრამების დახმარებით ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის თანახმად, მომზადებულ რეიტინგში, საქართველომ 12 ინდიკატორიდან ცხრა ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.
აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარიზში გაიმართა და მას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.