ნათია თურნავა - მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას და ამ კვირაში პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება
პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ამ კვირაში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება და წარმოდგენილი იქნება 150-მდე ლოტი როგორც ძველი, ასევე ახალი საინტერესო ობიექტები, – ამის შესახევ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, დაჩქარებული პრივატიზაცია საბიუჯეტო შემოსავლების რესურსია და სწორედ ეს შემოსავლები ხმარდება მათ შორის, ახალ მასშტაბურ პროგრამებს.
მისივე თქმით, დღეს, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი პანდემიის გამო საბიუჯეტო სოციალური ვალდებულებებითაა გადატვირთული, სწორედ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის როლი.
„ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თაოსნობით წამოვიწყეთ ახალი მასშტაბური 150 სახელმწიფო ქონების პროექტი და იცით, რომ პირველივე აუქციონი ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა. გამოტანილი საერთო ჯამური 41 მილიონი ლარის პაკეტი გაიყიდა 60 მილიონ ლარად. ეს იყო 250-ზე მეტი ლოტი. ამ კვირაში ჩვენ შემდეგ აუქციონს ვაცხადებთ და აქაც იქნება 150-მდე სხვადასხვა ლოტი როგორც ძველი ობიექტები, ასევე დამატებული ახალი, საინტერესეო ობიექტები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, გარდა იმისა, რომ აუქციონის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შემოვა მნიშვნელოვანი თანხა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში არ გვექნება არც ერთი დაუმუშავებელი მიწა, არ გვექნება ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნანგრევი შენობები, რომელიც არ იქნება ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართული და არ გვექნება გაჩერებული, ძველი ისტორიის მქონე სახელმწიფო საწარმოები.
„ყველაფერი იპოვის თავის პატრონს. ქონება გადაეცემა კერძო სექტორს, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.