ნათია თურნავა - მალე გასაჯაროვდება ჩვენი გეგმა, რომელიც ორი ძირითადი ამოცანისკენ იქნება მიმართული
მალე გასაჯაროვდება ჩვენი გეგმა, რომელიც ორი ძირითადი ამოცანისკენ იქნება მიმართული, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„ჩვენი გეგმა, რომელიც ძალიან მალე გასაჯაროვდება, ორი ძირითადი ამოცანისკენ იქნება მიმართული. პირველი – მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ბიზნესთან, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ. იმ დარგებშიც კი, რომელიც დღეს ხელოვნურად შევზღუდეთ. მეორე – მაქსიმალურად იყვნენ კომპენსირებული ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ყველა მცდელობის მიუხედავად სამსახური და შემოსავლები უკვე დაკარგეს. ჩვენ მზად ვართ, ეს სიმძიმე ბიზნესთან ერთად გადავინაწილოთ. ეს არის ორი დიდი ამოცანა და ორივეს სათავეში დგას ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პრიორიტეტების გადახედვა და არსებული ბიუჯეტის კორექტირება, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ახალი საგანგებო ვითარება ახალ საგანგებო პრიორიტეტებს საჭიროებს, მათ შორის, ბიუჯეტში და ეს სრულიად ბუნებრივია.
„ჩვენ საგანგებო ვითარებაში ვცხოვრობთ, როდესაც წინა პლანზე აბსოლუტურად ახალი პრიორიტეტები წამოვიდა და ძველი დროებით, გვერდზე გადავდეთ. ახალი საგანგებო ვითარება ახალ საგანგებო პრიორიტეტებს საჭიროებს, მათ შორის, ბიუჯეტში და ეს სრულიად ბუნებრივია. თუნდაც, ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან – ჩვენ დღეს კარანტინით ერთდროულად, 4 000-ზე მეტ ადამიანს უზრუნველვყოფთ. ეს 63 სხვადასხვა სასტუმროში კეთდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ძალიან კარგია, რომ სასტუმროები ამას მინიმალური დანახარჯებით აკეთებენ, მაგრამ ეს არის ხარჯი, რომელიც რასაკვირველია, გათვალისწინებული არ გვქონდა. ამისთვის ძალიან დიდი რესურსია მოსაბილიზებელი, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, კიდევ რამდენი საკარანტინო ადგილი დაგვჭირდება“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ახალი პრიორიტეტები სოციალური დახმარების თვალსაზრისითაც არის და მთავრობა მსჯელობს საგანგებო დახმარებისა და სტიმულირების გეგმაზე, რაც ასევე საგანგებო ბიუჯეტს საჭიროებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, ინფრასტრუქტურული პროექტები არა თუ შეჩერდეს, არამედ გაორმაგდეს და აქაც დამატებითი რესურსების მობილიზება იქნება საჭირო.
მისივე თქმით, მთავრობა პოსტკრიზისულ ეკონომიკაზე ფიქრობს, რომ „ეკონომიკა ამოიქაჩოს და კრიზისულ გეგმაზე მუშაობა თითქმის, დასასრულს უახლოვდება, რასაც, რა თქმა უნდა, კრიზისული ბიუჯეტი მოჰყვება“.