ნათია თურნავა - მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია, ფინანსურ ბაზარზე რყევები კი - მოკლევადიანი
ყველა ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორი ძლიერია, ჯანსაღია, ისეთივე ჯანსაღი, როგორც 2023 წელს იყო. ასეა წელსაც, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
თურნავას თქმით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გრძელდება და 2024 წლის პირველი სამი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8 პროცენტია.
„მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია. 2023 წელს საქართველოს რეალური მშპ, წინასწარი მონაცემებით, 7.5%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ინვესტიციები იყო. კერძოდ, ეკონომიკურ ზრდაში ინვესტიციებმა 5.4 პპ-იანი წვლილი შეიტანა. ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გრძელდება და 2024 წლის პირველი სამი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8 პროცენტია.
ამავდროულად, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 4.3 პროცენტი შეადგინა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. სახეზე გვაქვს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებაც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, არსებული ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტებისა და ტენდენციების ფონზე, გაცვლითი კურსი მყარდებოდა და გამყარებულ პოზიციას ინარჩუნებს.
„2023 წელს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 2.1 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 14.8 პროცენტით გამყარდა, რამაც ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფლაციის შემცირებაში. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რომელიმე ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი ნეგატიურ დინამიკას განიცდის, აქედან გამომდინარე, ის მოკლევადიანი ცვლილება გამოწვეულია ხელოვნური აჟიოტაჟით, ნეგატიური მოლოდინებით, ქმნის არასტაბილურობის განცდას, აჟიოტაჟს ბაზარზე, რაზეც რეაგირებენ ბაზრის აქტორები, მაგრამ ვინაიდან ამას არ უდგას უკან არცერთი ფუნდამენტური ფაქტორი, არც ეკონომიკური და არც სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი“, – აცხადებს ნათია თურნავა.