ნათია თურნავა ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრს, სიმონას კრეპშტას შეხვდა
თბილისში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრთან, სიმონას კრეპშტასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის არსებულ პარტნიორობაზე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.
„მიმოიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გამახვილდა ფინანსური ტექნოლოგიების დარგში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
ნათია თურნავამ სიმონას კრეპშტას ფინტექის განვითარების მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ შემუშავდა მარეგულირებელი ჩარჩო ლიცენზირების მკაფიო წესებით, დაინერგა ლიცენზირების სხვადასხვა რეჟიმი, როგორებიცაა ციფრული ბანკინგის, VASP-ისა და პლატფორმის ლიცენზიები.
სიმონას კრეპშტამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ფინტექის სფეროში მსოფლიოში დიდი აქტივობა შეინიშნება, რასაც ფინანსური ტექნოლოგიის მიმართულებით მომუშავე კომპანიები აქტიურად ითვისებენ. კრეპშტას შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვის მსგავს პატარა ქვეყნებს ბევრი საერთო, დიდი იმედები და თავდადება აქვთ, უკეთესი ფინანსური ინსტიტუტები შექმნან და რეგიონის ფინტექ ჰაბად იქცნენ“, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.