ნათია თურნავა - ლარის რესურსის მცირედით გაძვირებამ შესაძლოა, ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ ამის დაბალანსება შეიძლება
ეროვნულ ბანკს აქვს თავისი ძალიან მკაფიო მანდატი, ის მუშაობს მთავრობასთან და ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებთან საკმაოდ მჭიდრო კოორდინაციაში, მაგრამ აქვს განსაზღვრული მანდატი და რეგულაციები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას.
თურნავას განმარტებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ქმედებები ორიენტირებულია ინფლაციის პრევენციაზე და სწორედ ამ საკითხის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ზოგადად, მაკროეკონომიკა ნიშნავს სხვადასხვა ფაქტორის ბალანსს – რაღაც რაღაცის ხარჯზე ხდება ხოლმე. ერთი მხრივ, ინფლაციის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა პროფილაქტიკური ღონისძიება გატარდეს, რომ არ გაძვირდეს სამომხმარებლო პროდუქცია და დამეთანხმებით, ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, შეიძლება ლარის რესურსის ცოტაოდენმა გაძვირებამ გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ მერწმუნეთ, არსებობს სხვა ფაქტორები, რომლითაც შეიძლება ვეცადოთ და დავაბალანსოთ ეს“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, ესენია მაგალითად, სახელმწიფო ქონების, უმოქმედო აქტივების უფრო სწრაფი ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში, მიწის რეგისტრაცია, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს და სხვა.
„აქედან გამომდინარე, გვაქვს მთელი კომპლექსი ღონისძიებების, რომელსაც ვახორციელებთ, რათა ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ამ პირობებში ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდა, მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო პროგნოზით, საქართველოს ექნება კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი რეგიონში – უახლოეს 5 წელიწადში საშუალოდ 5-პროცენტიანი ზრდა.
„ამ პროგნოზის რევიზია არ ხდება, თუმცა ვდგავართ გამოწვევის წინაშე – ერთი მხრივ, გვინდა და ეროვნული ბანკის მოვალეობაცაა, ამ გზით ინფლაციის პრევენცია მოახდინოს, ხოლო მეორე მხრივ გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდეს. მერწმუნეთ, ამაზე მთელი ეკონომიკური გუნდი ვმუშაობთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.