ნათია თურნავა - ლარის ანაბრების მოცულობამ უცხოური ვალუტის ანაბრებს გადააჭარბა, რაც ლარიზაციის მხრივ ისტორიული შედეგია
დოლარიზაცია ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, შესაბამისად, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სებ-ის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მისი თქმით, სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე პროგრესი ხელშესახებია. ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს.
„გვაქვს ისტორიული შედეგი, სისტემაში ლარის ანაბრების მოცულობამ გადააჭარბა უცხოური ვალუტის ანაბრებს, რაც ლარის მიმართ მაღალ ნდობას უსვამს ხაზს. დედოლარიზაციის გეგმის დაანონსების შემდგომ მისი დონე დაახლოებით 20%-ით შემცირდა: დღეს სესხების დოლარიზაცია – 45%-ს, დეპოზიტების კი 49%-ს შეადგენს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, მიმდინარე წელს უცხოური ვალუტის სესხებზე ქვედა ზღვარი 200 000 ლარიდან 400 000 ლარამდე გაზარდა. შედეგად, სამომხმარებლო და მიკროსესხები – თითქმის სრულად, ხოლო იპოთეკური სესხების 95% ლარით გაიცემა. ნათია თურნავამ ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ყველაზე მოწყვლადი მსესხებლების სავალუტო რისკებისგან დაცვას უზრუნველყოფს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვისგან გათავისუფლდნენ ჰეჯირებული მსესხებლები, რომელთა შემოსავალი შესაბამის უცხოურ ვალუტაშია.
„ეს მიდგომა სამართლიანია და ზრდის რეგულაციის ეფექტიანობასა და მის მიმღებლობას“, – აღნიშნა თურნავამ.