ნათია თურნავა - კოვიდის ორი სრული ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ყველა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უპირობოდ შემოსვლა შეეძლება
კოვიდის ორი სრული ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობოდ შემოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის პირველი სამიზნე ჯგუფი.
„რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს და ეს არის უკვე მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტული ნაწილისთვის, მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობოდ შემოსვლა. ვითვალისწინებთ, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფი თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, შესაძლებლობა ექნებათ ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ პისიარ ტესტი, ანუ ჩვენ აქ პისიარ ტესტი ვალდებულებას ვაუქმებთ. მათ ექნებათ შესაძლებლობა მესამე დღეს ჩაიტარონ პისიარ ტესტი, კომფორტულად შემოვიდნენ და იგრძნონ თავი საქართველოში. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტში ნეგატიური პასუხი ან კოვიდვაქციინის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგი კვირიდან ძალიან აქტიურად, ჩვენი ტურიზმის აქტიური ჩართულობით დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან, ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რომ გავაცნოთ მათ ეს ახალ წესები. გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და ვიცი, რომ ისინი ამას გაგებით ეკიდებიან, პირიქით მონაწილეებიც არიან ამ რეკომენდაციების შემუშავების და დავიწყოთ ფიქრი, თუ სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველი ჯგუფები უცხოელი მოქალაქეების, ვისაც სურთ, დაათვალიერონ საქართველო და ამისთვის იცით, რომ ჩვენ ეტაპობრივად დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით ვხსნით სხვადასხვა რეგიონს. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა და მივიჩნევთ, რომ ეს აირს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული“, – განაცხადა თურნავამ.