ნათია თურნავა - კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში აკუმულირებული თანხები იმ პრიორიტეტების მიხედვით განიკარგება, რომელთა განსაზღვრაზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.
ნათია თურნავას განმარტებით, სფეროებისა და უწყებების მიხედვით ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება.
„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ფონდის კოორდინაციას ახდენს ბიზნესომბუდსმენი. ჯერჯერობით მიმდინარეობს თანხების აკუმულირება, პარალელურად ისევ ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება ძირითადი საჭიროებების აღრიცხვა, თუ რომელ სფეროს და რომელ უწყებას რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ, რათა უფრო ეფექტიანად აღვუდგეთ წინ კორონავირუსის გავრცელებას. როგორც კი ეს საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება და პრიორიტეტები განისაზღვრება, ამ ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა იქნება გამჭვირვალე და მთლიანად ცნობილი საზოგადოებისთვის “, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ყველა ბიზნესმენსა და ბიზნესს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ფონდის ინიციატივას გამოეხმაურა და მასში თანხას რიცხავს.