ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს
საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე ესწრებოდა.
„დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს სხვადასხვა რეგულაციის დახვეწასა და შერბილებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს და უფრო მეტი საკრედიტო აქტივობა იყოს. რაც მთავარია, ეს აქტივობა უნდა იყოს უფრო მეტად ეფექტური. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ბანკების მომხმარებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი დასაქმებისთვის. ყველაფერი უნდა მოხდეს ფასების სტაბილურობის გათვალისწინებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ეროვნულ ბანკთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს და გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი. ბოლო ორ შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული სურათი, თუ საითკენ მივდივართ. უფრო მეტიც, დღეს რამდენიმე რეგულაციის შერბილებასთან დაკავშირებით გარკევულ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება ძალიან კარგი. პირველი, იმიტომ, რომ საბანკო-საფინანსო სისტემას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს; მეორე, უფრო მეტი სახსრები გაჩნდება ბიზნესისთვის და, საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი ამოცანაც ეს არის – ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ბიზნესი განვითარდეს, რაც ეკონომიკის განვითარების მთავარი საწინდარია. ძლიერი ეკონომიკა წარმატების მთავარი ფორმულაა ნებისმიერი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
„დღეს ეროვნულ ბანკთან შეხვედრა შედგა, სადაც მომავალ რეგულაციებთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. სამ საკითხს გამოვყოფ: პირველი, ლარიზაციას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბანკო სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის; მეორე, საკითხი უკავშირდება ფინანსური სექტორს, თუ რა რეგულაციები შეიძლება შემოვიდეს საბანკო სექტორისთვის როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში; მესამე, რაც ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება 2024 წელს საშუალო ვადაში საფინანსო სექტორი უფრო აქტიური გახდეს საკრედიტო მიმართულებით. ამაში ვგულისხმობ ფიზიკური პირების, მცირე და საშუალო, კორპორატიული ბიზნესების დაფინანსებას, რაც 2024 წელს საბანკო სექტორს უფრო გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ეროვნულ ბანკთან. დიალოგის რეჟიმში განვიხილეთ არსებული და სამომავლოდ დაგეგემილი რეგულაციები. ვფიქრობ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს მსგავსი შეხვედრების უფრო ხშირად გამართვა. დარწმუნებული ვარ, მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარება როგორც საბანკო სისტემას, ისე ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა.
მსგავსი შეხვედრები კომერციული ბანკებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.