ნათია თურნავა - ხუთმილიონიანი ახალი ფონდი მოემსახურება არა მარტო ჰესის არეალში, არამედ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში მდებარე სოფლებს
ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და მათი საჭიროებების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია რიონის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა ინვესტორი კომპანიისა და სახელმწიფოს კუთვნილი ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამონაწილეობით, – ამ ინიციატივის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი იქნება ხუთი მილიონი ლარი და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პერიოდში მოხმარდება როგორც ჰესის მშენებლობის არეალში მდებარე სოფლებს, ასევე წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში არსებული სოფლების მოსახლეობას.
მინისტრის განმარტებით, რიონის ხეობის განვითარების ფონდის მართვაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.