ნათია თურნავა - კერძო ბაღებს, ისევე როგორც პანდემიით დაზარალებულ სხვა ბიზნესებს, სხვადასხვა მიმართულებით დავეხმარებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნათია თურნავა კერძო ბაღების წარმომადგენლებს, მათ ასოციაციებს შეხვდა და სექტორში პანდემიის გამო არსებული პრობლემები განიხილა.
„საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა. ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან – მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა და პრობლემები გადასახადებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, გვერდში ამოვუდგეთ მათ, ვიფიქროთ, რომ ეს სექტორიც ჩავრთოთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში და დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნათია თურნავას შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს და დიდი იმედი აქვთ, რომ როგორც კი მოწესრიგდება ეპიდვითარება, ექნებათ მუშაობის დაწყების საშუალება.
„ელოდებიან, პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ საკითხს და მზად არიან, კიდევ უფრო მეტად გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა მინისტრმა.