ნათია თურნავა - კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ არა მხოლოდ ღია, არამედ დახურული სივრცეების გახსნაც, შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნაც, თუმცა მათი პირველი მტერი პანდემიაა
კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ არა მხოლოდ ღია, არამედ დახურული სივრცეების გახსნაც, შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნაც, თუმცა მათი პირველი მტერი პანდემიაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა შეზღუდვების ერთბაშად მოხსნის შემთხვევაში ვითარების გაუარესების საფრთხეა.
„ორშაბათიდან გრძელდება ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის სტრატეგია, სარესტორნო ბიზნესის ღია სივრცეები იხსნება. კაფეები, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლებენ მუშაობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ღამის საათების და შაბათ-კვირის შეზღუდვა ყველასთვის რჩება ძალაში. ეს არის შესაძლებლობა, დავიცვათ ეტაპობრიობის პრინციპი. ერთი მხრივ, ძალიან იმედიანად ვართ განწყობილები, რადგან კონტროლქვეშ გვაქვს ეპიდემიოლოგიური ვითარება და მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია არის, მაგრამ ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ერთიანად გახსნამ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ მეტი, არა მარტო ღია, არამედ დახურული სივრცეებიც, შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნაც, საათების შეზღუდვის მოხსნაც. გასაგებია ეს ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს არ მოგვიხდეს ყველაფრის უკან გამოთხოვა და ისევ შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, მომდევნო კვირას ის სარესტორნო ბიზნესთან შეხვედრას გეგმავს.
„წინა კვირას ჩემი მოადგილე და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ეკონტაქტნენ მათ, შეხვდნენ და ისაუბრეს, რა დამატებითი პასუხისმგებლობა შეიძლება აიღონ თავის თავზე რესტორნებმა, რათა უფრო მიმზიდველები იყვნენ კლიენტებისთვის, როგორც უსაფრთხო მომსახურების ობიექტები. შემდეგ კვირას მეც ვგეგმავ მათთან შეხვედრას და ვისაუბრებთ უკვე გახსნის პირველი დღიდან რა ტენდენციები ჩანს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.