ნათია თურნავა - კარანტინის პროგრამისთვის გამზადებული გვაქვს 6 568 სასტუმრო ოთახი
ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კარანტინში ყოფნის პროცესი, პირველ რიგში კომფორტული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ იქ ყოფნა და, რა თქმა უნდა, ეფექტური სამედიცინო ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკარანტინო მომსახურების პროგრამის მასშტაბებსა და ეფექტურ ფუნქციონირებაზე.
„მინდა ყველამ დაინახოს საკარანტინო ღონისძიებების მასშტაბურობა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი ინფორმაციით, 8 აპრილს, დილის 10:00 საათის მონაცემებით, საკარანტინო ზონებში იმყოფება 4 682 ადამიანი, რომლებიც განთავსებული არიან 86 სასტუმროში.
„ჩვენ კარანტინის პროგრამისთვის გამზადებული გვაქვს 6 568 სასტუმრო ოთახი სარეზერვოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რეზერვი ყოველთვის გვაქვს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ჩართულია კარანტინში მყოფთა მომსახურების პროცესში. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობს სასტუმროთა დაახლოებით 2 600-მდე თანამშრომელი, აგრეთვე ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მეთვალყურეობას და პოლიციელები, რომლებიც საკარანტინო ზონებს იცავენ.
„ასევე მინდა გამოვყო მძღოლები, რომელთაც კარანტინში მყოფნი გადაჰყავთ სასაზღვრო პუნქტებიდან საკარანტინო ზონებამდე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც საკარანტინო პროცესს მართავენ. ეს რთული და კომპლექსური პროცესია. ისინი აკეთებენ მაქსიმუმს, რათა ყველაფერი იყოს ძალიან ეფექტურად, კომფორტულად, ძალიან კარგად ორგანიზებული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.