ნათია თურნავა - ჯერ კიდევ ბევრ ობიექტს სჭირდება უფრო ეფექტიანი განკარგვა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ კუთხით მიდგომები გავამკაცროთ
ნათია თურნავა - ჯერ კიდევ ბევრ ობიექტს სჭირდება უფრო ეფექტიანი განკარგვა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ კუთხით მიდგომები გავამკაცროთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი იქნება, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ობიექტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე უწყებრივი მიმართულებებით, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება უფრო ყაირათიანი, ეფექტიანი განკარგვა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ კუთხით მიდგომები გავამკაცროთ, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერის დავალებაა, მაქსიმალურად მოხდეს ისეთი ქონების აღრიცხვა, რომელიც მრავლად არის რეგიონებში, მუნიციპალიტეტებსა თუ სხვა უწყებებში და არ არის ჯერ დატვირთული.

„ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს ქონება დაჩქარებულად ჩაერთოს ეკონომიკაში და შევთავაზოთ პრივატიზაციისთვის ბიზნესს, რომ იქ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, პრივატიზების პროცესის გააქტიურების მიზანია, უფრო მეტი სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო აქტივი ჩაერთოს ეკონომიკაში და ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს. ამასთან, მინისტრის განცხადებით, წელს პრივატიზების გეგმა უკვე შესრულებულია.

„წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა პრივატიზებიდან 60 მილიონი ლარი შემოსავალი, ეს გეგმა პრაქტიკულად, უკვე შესრულებულია და ჩვენ ახლა ვმუშაობთ გადაჭარბებაზე. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ავიღეთ ვალდებულება, გაისად პრივატიზების ტემპი დავაჩქაროთ და გავზარდოთ პრივატიზებიდან ბიუჯეტში შემოსავლები“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 73 მილიონი ლარი უკვე არის მიღებული პრივატიზებიდან და წლის ბოლომდე 100 მილიონ ლარამდე პრივატიზების მაჩვენებლის ზრდა, სავსებით რეალისტურია.