ნათია თურნავა - ივნისის მოვლენების შემდეგ მიყენებული დარტყმის მიუხედავად, ტურიზმის სექტორში ზრდის პოზიტიური დინამიკა გვაქვს
ნათია თურნავა - ივნისის მოვლენების შემდეგ მიყენებული დარტყმის მიუხედავად, ტურიზმის სექტორში ზრდის პოზიტიური დინამიკა გვაქვს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, პარლამენტში ტრანსპორტის სფეროში მიღწევებზე საუბრის დროს „ლიბერალური ცის“ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, მისივე განმარტებით, საქართველოს ავია ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა და ახალი პირდაპირი მიმართულებების განვითარება უზრუნველყო.

თურნავას თქმით, მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში საქართველოში 30-მდე ახალი უცხოური ავიაკომპანია შემოვიდა. ამასთან, თურნავას განმარტებით, ივნისის მოვლენების შემდეგ მიყენებული დარტყმის მიუხედავად, ტურიზმის სექტორში ზრდის პოზიტიური დინამიკა ნარჩუნდება.

„პირდაპირი ფრენების, ახალი მიმართულებების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 52-ით გაიზარდა და ამას 2020 წელს კიდევ 12 ახალი მიმართულებით ფრენა დაემატება, აქედან 70 პროცენტი არის ევროპული ქალაქები. ეს არის ჩვენი მიღწევა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით: ეს არის ტურიზმის დივერსიფიკაციის და განვითარების საფუძველი, რისი წყალობითაც, ივნისის მოვლენების შემდეგ მიყენებული დარტყმის მიუხედავად, ჩვენ კვლავაც ვსაუბრობთ ტურიზმის პოზიტიურ დინამიკაზე (საშუალოდ 6-7 პროცენტიან ზრდაზე). მეტი პირდაპირი ფრენა არის, ასევე, უმნიშვნელოვანესი ბიზნესის განვითარებისთვის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, სადაც სწრაფი და კომფორტული გადაადგილება ზოგჯერ გადამწყვეტია საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად. მეტი პირდაპირი ფრენა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით, შეღავათიან ფასებში, რამაც საშუალება მისცა მრავალ ჩვენ თანამოქალაქეს, პირველად ესტუმროს ევროპულ ქალაქებს, მოინახულოს ნათესავები, მარტივად გაემგზავროს სასწავლებლად ან სამკურნალოდ. ამ პოლიტიკას ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ყველა მსოფლიოში აპრობირებული ხერხის გამოყენებით, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების, ახალი მიმართულებების მარკეტინგული მხარდაჭერის გზით, რაც აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებით“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

„შედეგად აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზრდება. ასევე გაისად დაგეგმილია ბათუმის აეროპორტის გაფართოება და 3 300 კვადრატული მეტრის ტერიტორიის დამატებით ათვისება მგზავრების მეტი კომფორტისთვის. ამასთან, მკაცრად გავაკონტროლებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კეთილმოწყობის პროცესს, რომელიც უკვე მიმდინარეობს ჩვენი მოთხოვნით და ჩვენთან შეთანხმებით“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.