ნათია თურნავა - ივნისის დასაწყისში აგარის შაქრის კომბინატი სრული დატვირთვით ამუშავდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აგარის შაქრის კომბინატში ამჟამად რემონტი მიმდინარეობს და ივნისის დასაწყისში სრული დატვირთვით ამუშავდება.
როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი ბაზრის მომარაგება ადგილობრივი, ქართული წარმოებით შეძლოს.
„აგარის შაქარის კომბინატი ეს არის ისტორიული ქართული საწარმო, რომელიც გაშვებულია გასული საუკუნის 30-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია ადგილობრივი ქართული წარმოების აღორძინება და საკუთარი ბაზრის საკუთარი სიმძლავრეებით მომარაგება, შევძელით მისი მუშაობის განახლება. ახლა დაწყებული არის რემონტები და უკვე ივნისის დასაწყისში ქარხანა ამუშავდება სრული დატვირთვით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ადგილობრივი ბაზრის დიდი ნაწილი მომარაგდება ქართული წარმოების შაქრით. ეს ნიშნავს, რომ 500 აგარაში მცხოვრები ოჯახი მიიღებს შემოსავალს და სამსახურს. ზოგადად, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი პროექტები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სადაც ჩვენ საკუთარი წარმოებით შექმნილ პროდუქციას ისევ წარმოვადგენთ ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.