ნათია თურნავა ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, აბრამ პეილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ირანთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების შესახებ.
„საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებულ ზომებსა და გაწეულ სამუშაოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სებ-ი დროულად და ეფექტურად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
აღსანიშნავია, რომ, საქართველოს გარდა, ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა სომხეთსა და აზერბაიჯანში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, აბრამ პეილმაც გაავრცელა. როგორც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში, სადაც განხილული იყო ირანთან დაკავშირებით სანქციების შესაბამისობის საკითხი.