ნათია თურნავა - „ინტერ რაოსთან“ საარბიტრაჟო დავაში მორიგება ამ ეტაპზე არ იგეგმება
ნათია თურნავა - „ინტერ რაოსთან“ საარბიტრაჟო დავაში მორიგება ამ ეტაპზე არ იგეგმება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთან“ საარბიტრაჟო დავა გრძელდება და მორიგება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე დავა მიმდინარეობს, გრძელდება ჩვეულებრივი წესით. ეს არის საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელსაც გააჩნია თავისი წესი. ვაგრძელებთ ჩვენი არგუმენტების წარდგენას სასამართლოში და მორიგებაზე ამ ეტაპზე მსჯელობა არ მიმდინარეობს”, – აღნიშნა თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„ინტერ რაომ“ საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტოკჰოლმის არბიტრაჟში, ასევე მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების საერთაშორისო ცენტრში 2017 წელს შეიტანა. რუსული სახელმწიფო კომპანია ლარის გაუფასურების შედეგად ქართული აქტივებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, კომპანიის მტკიცებით, 100 მილიონ დოლარს აღემატება.