ნათია თურნავა - ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებები ჩვენი ეკონომიკური გუნდის, მათ შორის ეროვნული ბანკის პირველადი ზრუნვის საგანია
ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის, პირველადი ზრუნვის საგანი ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებებია და თქვენ ხედავთ, რომ ეს ღონისძიებები ხორციელდება წარმატებით – ლარი მყარდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი არის როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკის, ასევე მთლიანად მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი.
რაც შეეხება იმას, პარალელურად როგორ არ შენელდეს ეკონომიკური ზრდა, ნათია თურნავას განცხადებით, ამისთვის არსებობს არამონეტარული ბერკეტები, რისი გამოყენებაც მაქსიმალურად ხდება.
„ეს არის დაჩქარებული პრივატიზაცია. როგორც იცით, პრივატიზაციაში წამოვიწყეთ და მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, აგრეთვე ეს არის წიაღში გამარტივებული ლიცენზიების გაცემა, ტურიზმის წახალისება, საექსპორტო წარმოების წახალისება. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალისტურად მიმაჩნია, რომ არ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის შენელება და პირიქით, გვქონდეს მაღალი ზრდა რეგიონში, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. ასევე პარალელურად, ლარმაც განაგრძოს გამყარება. სწორედ ამაზეა საუბარი ეროვნული ბანკის განცხადებაშიც, რომ ლარი შესაძლოა კიდევ გამყარდეს და ინფლაციაც მომავალ წელს დაუბრუნდეს თავის ნიშნულს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის მხრიდან არის ნდობა მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რასაც ამ ბოლო დროს მთავრობა იღებს, იგივე ლარის კურსის ნორმალიზების თვალსაზრისით.
„ეს გადაწყვეტილებები არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რაც შედეგად მოიტანს ლარის კურსის დინამიკის სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რასაც სხვადასხვა ბერკეტი უზრუნველვყოფთ და ინფლაციის შემცირებას“ – დასძინა ნათია თურნავამ.