ნათია თურნავა - იმედია, წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც იმუშავებს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, განაცხადის დარეგისტრირება დღესაც შესაძლებელია
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი და ფინანსური მხარდაჭერის სქემა, რომელსაც ბიზნესს ვთავაზობთ, თუმცა არა ერთადერთი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სახელმწიფო ასევე ბიზნესს ეხმარება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საბანკო სესხების სუბსიდირების მხრივ და ეს პროდუქტი ყველაზე მოთხოვნადია.
„ასევე ვეხმარებით საინვესტიციო ვალდებულებით მიწის გადაცემის ნაწილში. გვაქვს მარკეტინგული და საექსპორტო მხარდაჭერაც. ანუ საკრედიტო-საგარანტიო ფონდი ერთ-ერთი მექანიზმია იმ მრავალს შორის, რომელსაც ვთავაზობთ ბიზნესს. საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის ბიუჯეტში გვაქვს მობილიზებული თანხები და პირველი, რაც გავაკეთე მინისტრად დანიშვნის დროს, დავაჩქარე ამ მექანიზმისთვის საჭირო ყველა იურიდიული დოკუმენტის შექმნა“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, 12 კომერციულ ბანკთან ჯერ კიდევ ივნისში მოეწერა ხელი ხელშეკრულებებს.
„ბანკები მუშაობენ, რომ მეტად დაჩქარდეს და მარტივი იყოს ამ მექანიზმის ათვისება. ასევე, ვახდენთ ამ პროდუქტის პოპულარიზაციას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს თუ არა, გაისად მაინც იმუშავებს. მომავალ წელსაც გვაქვს ამისთვის თანხები მობილიზებული. დღეს რომ მივიდეს ნებისმიერი მსურველი, სისტემა მუშაობს და მაშინვე დარეგისტრირდება მისი განაცხადი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.