ნათია თურნავა - „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსი ადასტურებს, რომ ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ყველანი ძალიან დიდ, ქართულ საქმეს ვაკეთებთ
„ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველო, ტრადიციულად, ერთ-ერთი ლიდერია, ნიშნავს, რომ ჩვენი არაკორუმპირებულობით, გამჭვირვალობით, რეფორმებით, ეკონომიკის გახსნილობით უცხოელი ინვესტორების მიმართ, წარმოების განვითარებით, ადგილობრივი, თუნდაც, ელექტროენერგიის გენერაციის საშუალებების განვითარებით ჩვენ, ყველანი ძალიან დიდ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, – ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, სადაც ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 77.2 საერთო ქულით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ადგილზეა დასახელებული.
„ჰერითიჯის ფონდის“ მიხედვით, რეგულაციების ეფექტიანობით საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა და მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის ხუთ კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად. ეს კომპონენტებია: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროპის რეგიონის, ისე სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემს. ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო წარმოადგენს მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანას, ხოლო ბაზრის ღიაობის კუთხით საქართველოს გააჩნია 13 მოქმედი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება დაფინანსებაზე წვდომა.