ნათია თურნავა - გვინდა, მოვიძიოთ ინოვაციური იდეები, რომლითაც საწარმოთა შემოწმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდება
საწარმოთა მონიტორინგი ძალიან შრომატევადი პროცედურაა. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, დღეისთვის უკვე შემოწმებული გვაქვს 300-ზე მეტი საწარმო. ეს პროცესი დროის დიდ რესურსს მოითხოვს, ამასთან ჩვენი ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ ინსპექტირებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად, ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსის გამოცხადების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
კონკურსის მიზანია, სახელმწიფოს გაუმარტივოს კომპანიების მონიტორინგის პროცესი და დაჩქარდეს ნებართვების გაცემა, რაც ქვეყანას და სრულიად მოსახლეობას აარიდებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და ბიზნესსექტორს გამართულად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.
პროცესი მიზნად ისახავს ისეთი ინოვაციური იდეების განხილვასა და მოწოდებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შემოწმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდეს.
„ბევრი ბიზნესის დროებით შეჩერება მოგვიხდა იმის გამო, რომ დავიცვათ მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. ამ პერიოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მეტი ბიზნესი შევამოწმოთ და ვასწავლოთ, როგორ შეესაბამებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს – შეიძინონ პირბადეები, დანერგონ პერიოდული დეზინფექციის პროცედურები, ჩაატარონ თერმოსკრინინგი და სხვა, რათა მეტად დაცულები იყვნენ.
ჩვენ გვინდა, გავზარდოთ შემოწმების ტემპი და ეფექტურობა, რათა მეტი ბიზნესი იყოს შემოწმებული და აღჭურვილი იმ მომენტისთვის, როდესაც ეკონომიკის ამოქოქვას დავიწყებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.