ნათია თურნავა - გვაქვს დაახლოებით 2000 საკარანტინო ადგილი, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, გავაორმაგოთ
ნათია თურნავა - გვაქვს დაახლოებით 2000 საკარანტინო ადგილი, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, გავაორმაგოთ

საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე დაახლოებით 2000 საკარანტინო ადგილი გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია აღნიშნული რაოდენობა გავაორმაგოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, კონტრაქტები დადებულია ათობით განთავსების ობიექტთან. ესენია სხვადასხვა ზომის სასტუმროები საქართველოს მასშტაბით.

როგორც მინისტრი ამბობს, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს საკარანტინო სივრცეები მზად დახვდეთ.

„ამ მომენტისთვის დაკონტრაქტებული გვაქვს ათობით განთავსების ობიექტი, სხვადასხვა ზომის სასტუმრო საქართველოს მასშტაბით. გვაქვს დაახლოებით 2000 საკარანტინო ადგილი. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, გავაორმაგოთ ეს რაოდენობა. მათ შორის ნაწილი დაკავებულია, ნაწილი ივსება. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები პერიოდულად ჩამოსაყვანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ამას ემსახურება „აირზენა“ და ჩვენ ვეხმარებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ თვითმფრინავებს და მოქალაქეებს უნდა დავხვდეთ გამზადებული თავისუფალი საკარანტინო სივრცეებით. ამ კუთხით გვაქვს სრული მზადყოფნა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სხვადასხვა სასტუმრო სხვადასხვა თანხა ჯდება, თვითღირებულების მიხედვით, თუმცა მინისტრი აღნიშნავს, რომ ყველა სასტუმრო მაქსიმალურად იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას.

„არ გვაქვს საქმე განსაკუთრებით გაზრდილ თანხებთან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დღეს არის გადაწყობილი მთლიანად ამ ახალ პრიორიტეტზე, რაც არის მოსახლეობის დაცვა კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან. მთავარ აქცენტს ვამახვილებთ პრევენციაზე. აქედან გამომდინარე, რაც იქნება საჭირო ამ მიმართულებით, ყოველთვის გავიღებთ თანხებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა.

ამასთან, მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1592 მოქალაქე იმყოფება.