ნათია თურნავა - Gulf Air-ის მიერ საქართველოში ფრენების განახლება კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რათა ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს
დღეიდან, ბაჰრეინის სამეფოს წამყვანმა ავიაკომპანიამ Gulf Air-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განაახლებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები ბაჰრეინსა და თბილისს შორის 4 სექტემბრამდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. მივესალმებით ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიის დაბრუნებას საქართველოს ავიაბაზარზე, სადაც ის 2017 წლიდან ოპერირებდა. საქართველოს ტურისტული სექტორი პოპულარობით სარგებლობს ყურის ქვეყნების მოქალაქეებს შორის, ისეთი ავიაკომპანიების მომსახურება კი, როგორიცაა Gulf Air-ი, ხელს შეუწყობს აღნიშნული არაბული სახელმწიფოებიდან ტურისტების შემოსვლას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ბაჰრეინის ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა. პირველად Gulf Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო.