ნათია თურნავა - გპირდებით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, რომელიც გარკვეულწილად მოახერხებს ფრენების აღდგენას
გპირდებით, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც გარკვეულწილად წერტილოვნად მოახერხებს ფრენების აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე მოხდეს, რეგულარული ავიარეისების აღდგენა, თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს დამოკიდებულია იმაზეც, რა მოთხოვნები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საავიაციო ინდუსტრიის მიმართ.
„ძალიან კარგად მესმის ის მოუთმენლობა, რაც ამ საკითხთან არის დაკავშირებული, როგორ ელოდება მოსახლეობა, ჩვენი ბიზნესები, განსაკუთრებით ტურისტული ინდუსტრია. უნდა ითქვას, რომ ჩვენ რეგულარული ფრენები ძალიან დროულად შევაჩერეთ, რადგან ამან ძლიერი პრევენციისა და ეპიდემიის კონტროლის საშუალება მოგვცა, ჩვენ მაინც შეუფერხებლად ვაკეთებდით ცალკეული ჩარტერული რეისების მეშვეობით ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანას საქართველოში და 8000-ზე მეტი უკვე ჩამოვიყვანეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის სრულფასოვანი აღდგენა, რასაც ყველა ველოდებით. ჩვენი მთავრობაც და სამინისტროც არის ძალიან მოწადინებული, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა, რაც შეიძლება მალე ფრენები აღდგეს, რადგან სწორედ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ბევრი ახალი ავიაკომპანია შემოგვეყვანა ბაზარზე, გაგვეფართოებინა ფრენების არეალი, შემოგვეყვანა ლიდერი, დაბალბიუჯეტიანი კომპანიები. როგორც კი პირველი შესაძლებლობა მოგვეცემა, ამას განვახორციელებთ. ეს დამოკიდებულია ახალ გაიდლაინებზე, საერთაშორისო მოთხოვნებზე, რასაც იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და სხვა წაუყენებს ავიაციის ინდუსტრიას. ეს არის გარკვეულ ხარჯებთან და დროსთან დაკავშირებული; უნდა გადაეწყოს ავიაციის ინდუსტრია და ამაზე ვართ ჩვენ დამოკიდებული“, – განაცხადა თურნავამ.