ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, გორის პოლიციაში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა.
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი ამ დროისთვის სწორედ გორის პოლიციაში იმყოფება.
„რეგიონში ვიმყოფებოდი ვიზიტით, რამდენიმე საწარმოს გახსნა გვაქვს დღეს დაგეგმილი და ამასობაში, ეს სასიხარულო ამბავი შევიტყვე. არ შემეძლო, აქ არ მოვსულიყავი და პირადად არ მენახა ვაჟა გაფრინდაშვილი. მინდა, მოგილოცოთ, მივულოცო სრულიად საქართველოს მისი გათავისუფლება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მის ოჯახს მივულოცო. მინდა გითხრათ, რომ მისი დაკავების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს დღე რაც შეიძლება მალე დამდგარიყო. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული, მიუხედავად ყველასთვის გასაგები სირთულეებისა და საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა წარმატებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი თავს ნორმალურად გრძნობს.
„მე ვესაუბრე, ბატონი ვაჟა გახლავთ ექიმი, ყველაზე ჰუმანური, მაგრამ ყველაზე ვაჟკაცური და ძლიერი პროფესიის წარმომადგენელი, თავს გრძნობს ნორმალურად, როგორც შეესაბამება მის მდგომარეობას, რაც მთავარია, ძალიან მალე საკუთარ ოჯახთან ერთად იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.